Monday, April 18, 2016


მანანა ტურიაშვილი

შალიაპინის მეგობარი  თბილისელი პაჭიკა ერთ დღეს არ გამოჩნდა, თეატრში მიხვდნენ, რომ მისი ტანჯვა თუ ბედნიერება დასრულდა.



ყველა თეატრის სცენის მიღმა მუშაობენ ადამიანები: სცენის მუშები, გამნათებლები,  რეკვიზიტორები, კაპელდინერები და სხვანი და სხვანი. მათი ერთგულებისა და სიყვარულის გარეშე თეატრი ვერ იარსებებს. პაჭიკას ისტორიაც, რომელიც თეატრმცოდნე ალექსანდრე ბურთიკაშვილმა შემოინახა, თეატრის სიყვარულის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

პაჭიკას საქმიანობა

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მთელი თბილისი იცნობდა თეატრის აფიშების გამკვრელს და ქანდარის კონტროლიორს პაჭიკას - გიგო ყაჯარდუზოვს. სახამებლით სავსე კასრით, ფუნჯითა და ამოიღლიავებული აფიშებით დადიოდა ის ძველი თბილისის ქუჩა-ბანდებში და დიდი მონდომებით იწყებდა აფიშების გაკვრას, ვინაიდან ერთი უდიერი ნაკეცი არ უნდა ჰქონოდა ფურცელს, ერთი არასწორი ან დაბრეცილი ხაზი. მერე შორს დადგებოდა პაჭიკა და ამოწმებდა - როგორ გამოიყურებოდა წარწერა, რომელიც მაყურებელს სათაყვანებელი არტისტების სპექტაკლებში მონაწილეობას აუწყებდა: ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, ბეგლარ ახოსპირელი და სხვანი და სხვანი... ყველას იცნობდა პაჭიკა, ხელის ჩამორთმევითა და მოკითხვით.
 
ქართული თეატრის დასი
ქანდარის კონტროლიორს, ვინ მოსთვლის რამდენი წარმოდგენა უნახავს, რამდენი სიხარული განუცდია და რამდენი აზრი, ფიქრი და  აღტაცება წაუღია შინ, სადაც არავინ ხვდებოდა, არც ცოლ-შვილი და არც ვინმე ძე-ხორციელი. ყველაფერი თეატრისთვის შეეწირა და პირად ცხოვრებაზე დაუფიქრებლად უთქვამს უარი. სცენაზე სხვათა ცხოვრებას დაუტყვევებია, თავისად გაუხდია და თეატრის სიყვარულით სხვებიც შეუგულიანებია: მოსწავლეები,  ნოქრები თუ მუშები. აბა დიდგვაროვნებსა და მდიდრებს ის ვერ შეწვდებოდა, საღამო ხანს ნათელი მზერით გახედავდა მათ ფაეტონებს და  გაიფიქრებდა - ალბათ თეატრში მიდიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთო.

გამოჩენილი მსახიობების ბენეფისებზე და იუბილეებზე თუ ვინმე ბილეთს ვერ იშოვნიდა, ქუჩაში არავის დატოვებდა, ყველა შეჰყავდა, აბა გულს ვის დაწყვეტდა პაჭიკა. გახარებული მაყურებლისგან ფულის აღებას არ კადრულობდა, მაგრამ ლუდზე უარს ვერ ამბობდა.
პეტრე ოცხელის ესკიზი სპექტაკლისთვის, რომელიც პაჭიკას მოგვაგონებს
იმ პერიოდში გიმნაზიის ადმინისტრაცია მოსწავლეებს თეატრში უნებართვოდ არ უშვებდა და ნებართვასაც არ აძლევდა. გაკვეთილებისაგან თავმობეზრებულ გიმნაზიელები გარეთ გამოსვლას და გასართობს ნატრობდნენ და პაჭიკაც ალბათ ფიქრობდა: გზას არ აცდნენ, სხვაგან არ გაუხვიონ, თეატრში იქნებიან - შექსპირს ნახავენ და მოლიერსაც... პაჭიკა გიმნაზიელებს ქანდარის ისეთ ადგილებს მიუჩენდა, რომ აღმზრდელები მათ ვერ პოულობდნენ.

პაჭიკასა და შალიაპინის შეხვედრა

1900 წელს თბილისში ფედორ შალიაპინის გასტროლები უნდა გამართულიყო. მთელი თბილისი ფეხზე იდგა, უდიდესი მომღერლის ნახვა და მოსმენა ყველას უნდოდა. პაჭიკა და თეატრის დარაჯი ტროფიმე გულისფანცქალით ელოდნენ მეგობრის ჩამოსვლას. შინაურები პაჭიკას ეხუმრებოდნენ: „ბიჭო, გიგო! შალიაპინი ალბათ შენ სასახლეში დაბინავდება!“  პაჭიკა თურმე ღელავდა: ვაითუ ფედიამ აღარ გვიკადროსო, მაგრამ მოხდა სასწაული შალიაპინმა ჩამოსვლისთანავე მოიკითხა თავისი მეგობრები. პაჭიკას ეს ამბავი არ ავიწყდებოდა, ყველას უამბობდა შალიაპინთან შეხვედრას და იმასაც თუ როგორ გაუტენა დიდმა მომღერალმა ჯიბე ფულით.

პაჭიკას ბენეფისი

1907 წლის 24 ივნისს ქართულმა დასმა ძმები ნიკიტინების ცირკში პაჭიკას ბენეფისი გაუმართა. წარმოადგინეს ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“. მონაწილეობდნენ: ალექსანდრე იმედაშვილი, ნიკო გოცირიძე, სოსო ივანიძე და სხვანი. დარბაზი ხალხს ვერ იტევდა და პარტერში პაჭიკას გამოჩენას  ყველა აღფრთოვანებით შეხვდა. „პაჭიკ, პაჭიკა!“ იძახდა მაყურებელი და მადლიერი, ბედნიერი  გიგოც თავს უკრავდა.

პაჭიკა და რუსთაველის თეატრი

გიგო ყაჯარდუზოვი ანუ პაჭიკა რუსთაველის თეატრშიც მუშაობდა აფიშების გამკვრელად. ის თეატრის კომისარს - დავით ჩხეიძესაც კარგად იცნობდა და სანდრო ახმეტელსაც. ის კი არა, როცა კოტე მარჯანიშვილი ჩამოვიდა რუსეთიდან, მისი პირველი როლი შეახსენა „პატარა კახში“. კოტე მარჯანიშვილის სადებიუტო აფიშაც ხომ პაჭიკამ გააკრა 1894 წლის 27 ნოემბერს.
მსახიობი კოტე მარჯანიშვილი, მე-19 საუკუნის 90-იანი წლები

ყველა ამბავს თავისი დასაწყისი აქვს, განვითარება და დასასრული. პაჭიკას ცხოვრებაც და საქმიანობაც დასასრულისკენ მიდიოდა. თბილისში აფიშების გამკვრელთა კანტორა დაარსდა და პაჭიკამ სამსახური დაკარგა. მას შემდეგ, თეატრშიც დიდხანს არ გამოჩენილა, ყველას თვალში მოაკლდა ერთგული ადამიანი და როცა გაიკითხეს, გაიგეს, რომ პაჭიკა ავად გამხდარა.
რუსთაველის თეატრის დასი, 1923 წელი
თეატრმა  ძალ-ღონე არ დაიშურა და ის სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან, მაგრამ პაჭიკას თავდაღმართ დაგორებულ ურემს ვერავინ შეაჩერებდა: თეატრის სამსახურს ხომ დაემშვიდობა პაჭიკა, ახლა მეორე ტრაგედიაც დაემატა - ორივე თვალით დაბრმავდა.

პაჭიკას აღსასრული

ბრმა პაჭიკა ყოველდღე რუსთაველის თეატრის კარიბჭესთან მიდიოდა და იქ იდგა. როდის და რით იკვებებოდა, არავინ იცოდა. კოტე მარჯანიშვილი ყოველთვის მოიკითხავდა მას და ეხმარებოდა. დიდი რეჟისორი წერდა: „რაშია ეს მომხიბლავი ძალა თეატრისა, რომელიც ანდამატივით იზიდავს ყველას, ვინც ერთხელ მაინც შეხებია მის კედლებს... ვინ არის, რომ არ იცნობდეს ჩვენი თეატრალური საზოგადოებიდან აფიშების გამკვრელს პაჭიკას... ჩაუარეთ დრამატულ თეატრს, როდესაც გინდათ და თქვენ დაინახავთ დილის 9 საათიდან, ღამის 12 საათამდე პაჭიკას გაუპარსავ ნაღვლიან სახეს, რომელიც სევდით სავსე ახელილი უსინათლო თვალებით გასცქერის სივრცეს და არ სცილდება თეატრის კარს. ჭეშმარიტად ტრაგიკულია მისი არსება, ჭეშმარიტად დიდი ლირიკით სავსეა მისი სული. ეს თეატრზე შეყვარებული კაცი განდევნილია მისგანვე...“

ერთ დღეს რუსთაველის თეატრის კარიბჭესთან პაჭიკა აღარ მისულა, ყველამ შეამჩნია ეს ფაქტი და მიხვდნენ, რომ ის გარდაიცვალა, თეატრის სიყვარული აქ დატოვა, თვით კი წავიდა იქ, სადაც ნეტარ არიან.










No comments:

Post a Comment